შეთანხმება საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციასთან
2017 წლის თებერვალში მოხდა შეთანხმება „კრედიტინფო საქართველო“-ს და სადისტრიბუციო კომპანიებს შორის (სდბა-ს წევრი კომპანიები). ასოციაციის შემედგენლობაში შემავალი 40-ზე მეტი სადისტრიბუციო კომპანია „კრედიტინფო საქართველოს“-ს სერვისებით ისარგებლებს, რაც რისკებისგან მათი ბიზნესის დაზღვევას შეუწყობს ხელს.
საწყის ეტაპზე სადისტრიბუციო კომპანიებს წვდომა ექნებათ ე.წ. ვადაგადაცილებული და გადაუხდელი ვალდებულებების ამსახველ ინფორმაციაზე, ამავდროულად, ამ კომპანიებსაც ექნებათ საშუალება/ვალდებულება თავადაც აღრიცხონ, განათავსონ და გაცვალონ ამ ბაზაში ვადაგადაცილებული თუ გადაუხდელი ვალდებულებების მქონე ბიზნეს სუბიექტების შესახებ ინფორმაცია, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია გარიგებების დადებისას, საქონლის/პროდუქციის კონსიგნაციით გადაცემისას.
აღინიშნა ის გარემოებაც, რომ დისტრიბუტორთა მხრიდან ამა თუ იმ ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაციის განთავსება თანხვედრაში უნდა იყოს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონთან, რაც პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ სადისტრიბუციო კომპანიებს ესაჭიროებათ კლიენტის თანხმობა მის შესახებ არსებული მონაცემების დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში განთავსებისათვის.
„კრედიტინფოს“ მონაცემთა ბაზა ამ ეტპზე 18 მლნ.ჩანაწერზე მეტს მოიცავს. აქ განთავსებულია ინფორმაცია 2,5 მლნ. ფიზიკურ პირზე და 70 000 -მდე კომპანიაზე. სამომავლოდ, შესაძლებელია სადისტრიბუციო ბიზნეს სუბიექტებმა ისარგებლონ „კრედიტინფოს“ ე.წ. პოზიტიური ინფორმაციის მონაცემთა ბაზითაც, სადაც კეთილსინდისიერ გადამხდელთა საკრედიტო ისტორიებია განთავსებული. შესაბამისად, დისტრიბუტორებიც შეძლებენ განათავსონ პოზიტიური ინფორმაცია ამა თუ იმ კონტრაგენტის მიერ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების შესახებ, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან წილად წაახალისებს პროდუქციის რეალიზაციის ზრდას და ზოგადად დარგის განვითარებას.