საკრედიტო ქულის მოდელის ცვლილება

16/10/2024

საერთაშორისო პრაქტიკისა და შიდა ფინანსური სექტორის საჭიროებების გათვალისწინებით, სს “საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო”, ყოველწლიური ანალიზის საფუძველზე, პერიოდულად აახლებს საკრედიტო ქულის გამოთვლის მოდელს. უკანასკნელი განახლება განხორციელდა 2024 წლის 8 ოქტომბერს, რის შედეგადაც შეიცვალა რამდენიმე ცვლადი და საკრედიტო ქულაზე მოქმედი ფაქტორები. კერძოდ,

  • გაიზარდა ქულის გამოთვლაზე მიმდინარე სესხის დაფარული თანხის წილის ზეგავლენა. რაც უფრო მეტია დაფარული თანხა, მით უფრო იმატებს საკრედიტო ქულაც.
  • გაიზარდა ქულის გამოთვლაზე ვადაგადაცილებული შენატანებისა და ჯარიმის ზეგავლენა. რაც მეტია ვადაგადაცილებული დღეები და ჯარიმის ოდენობა, მით უფრო იკლებს საკრედიტო ქულა.
  • გაიზარდა ცვლადების მოქმედების ვადა. განახლებამდე ქულის გამოთვლისას გამოიყენებოდა მხოლოდ ბოლო 24-27 თვის განმავლობაში განხორციელებული გადახდების მონაცემები, ახლა გამოიყენება უკანასკნელი 60 თვის მონაცემები.
  • ვინაიდან 2023 წლიდან სესხის გამცემ ორგანიზაციებს დაევალათ ბიუროსთვის ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ეს მონაცემებიც მუშავდება ბიუროს ბაზაში საკრედიტო ისტორიის სხვა მონაცემებთან ერთად, ქულაზე მოქმედ ფაქტორებს შესაბამისად, დაემატა ფულადი გზავნილების მონაცემებიც. თუმცა, ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ მონაცემები არ წარმოადგენს საკრედიტო ქცევის არსებით განმსაზღვრელ ფაქტორს და მისი ზემოქმედება ქულაზე ზოგადად მცირე მნიშვნელობისაა. თუ გარკვეული ოდენობის ფულადი გზავნილებიდან შემოსავლის მიღება რეგულარულად ფიქსირდება, შესაძლებელია, ქულა გაიზარდოს. თუ მონაცემთა სუბიექტს არ უფიქსირდება ფულადი გზავნილი, ეს ფაქტორი მის ქულაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.