ბრძანება

ბრძანება

საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის შესახებ

ვინაიდან სს “კრედიტინფო საქართველოს” საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის (შემდგომში მონაცემთა ბაზა) მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან

მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დამუშავებისას სავალებულოა ქვემოთ მითითებული წესების გათვალისწინება:

მუხლი 1. საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობა

1. საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის მოწოდებისა და მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლების მინიჭების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ბანკებთან, სალიზინგო კომპანიებთან, საკრედიტო და საფინანსო ინსტიტუტებთან ან სხვა პირებთან რომლებიც გასცემენ სესხს, საქონელს ან მოსახურებას კრედიტით და/ან ახორციელებენ საქონლის და/ან მომსახურების ყიდვა-გაყიდვას და/ან კანონის საფუძველზე ახორციელებენ ზემოაღნიშნული პირების საქმიანობის ზედამხედველობას/კონტროლს (შემდგომში “კლიენტი”).

მუხლი 2. საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზისთვის ინფორმაციის მიწოდება

1. ხელშეკრულების საფუძველზე სს “კრედიტინფო საქართველოს”კლიენტმა უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებულ სრული ინფორმაცია იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შესახებ, რომლებიც მის მიმართ სრულად ან არაჯეროვნად ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს და ვის მიმართაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის რეგულაციების (კრედიტინფო საქართველოს გენერალური დირექტორის მიერ 2009 წლის 1 ნოემბერს დამტკიცებული მონაცემთა ბაზის რეგულაციები) ნორმები.

2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტს უნდა დაეკისროს ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც კრედიტინფო საქართველოს მიაწოდოს მონაცემები ხელშეკრულების მოქმედების განავლობაში მიწოდებული მონაცემების საფუძველზე მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული საკრედიტო ისტორიის სუბიექტების შესახებ ამ უკანასკნელთა მიერ შესაბამისი სესხის სრულად დაფარვამდე/ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

მუხლი 3. საკრედიტო ინფომაციის მონაცემთა ბაზისთვის ინფორმაციის მიწოდების პირობები და ვადები

1. ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც არ ასრულებენ ან/და არაჯეროვნად ასრულებენ თავიანთ ფულად ვალდებულებებს კლიენტის მიმართ, უნდა გაეგზავნოს სს “კრედიტინფო საქართველოს”, თუ ვადაგადაცილება შეადგენს: 30 (ოცდაათი) დღეს – ფიზიკური პირებისთვის და 60 (სამოცი) დღეს – იურიდიული პირებისთვის.

2. ვადაგადაცილებული და გადაუხდელის ფინანსური ვალდებულებების/სესხების შესახებ კლიენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს ყოველთვიურად.

3. საკრედიტო ისტორიის სუბიექტის მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების/სესხების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზას, თუ ასეთი ვალდებულებების/სესხების ოდენობა ერთობლიობაში არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ნებისმიერ ვალუტაში და ვის მიმართაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობისა და საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის რეგულაციების ნორმები.

4. სს “კრედიტინფო საქართველომ” უნდა მიიღოს ყოველკვირეული განახლებული ინფორმაცია კლიენტის საკრედიტო პორტფელში ცვლილებების შესახებ (ინფორმაცია ნაწილობრივ გადახდებზე, მორიგი შესატანი, ახალი ვალი და ა.შ.);

5. საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზას არ გადაეცემა 10 ლარზე ქვემოთ ვადაგადაცილებული ან შესრულებელი ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია.

მუხლი 4. კრედიტინფო საქართველოს კლიენტის პასუხისმგებლობა

“კრედიტინფო საქართველოს” კლიენტს, რომელსაც მიენიჭება მონაცემთა ბაზაში შესვლის უფლება, ხელშეკრულების საფუძველზე უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა:

– ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონული საშუალებით მიაწოდოს მონაცემები მონაცემთა ბაზას, ხელშეკრულების შესაბამისად;
– მონაცემთა ბაზაში მიწოდებული მონაცემების სისწორეზე, უსაფრთხოებაზე და დაცვაზე, ვიდრე მონაცემი მიაღწევს მონაცემთა ბაზას.
– ინფორმაციის მიწოდების კანონიერებაზე.
– საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს მონაცემთა ბაზისთვის მიწოდებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
– საკუთარ მონაცემთა ბაზაში საკრედიტო ისტორიის სუბიექტის შესახებ უზუსტობების შესწორებაზე და რეგულაციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად კრედიტინფო საქართველოსთვის შესწორებული მონაცემებიs მიწოდებაზე.
– უზრუნველყოს რომ მონაცემთა ბაზაში განხორციელებული ყველა ძიება ეყრდნობოდეს მის კანონიერ უფლებას შეაფასოს საკრედიტო ისტორიის სუბიექტის გადახდისუნარიანობა და აკონტროლოს ვალის მართვა და/ან მოიძიოს და გამოიყენოს მონაცემთა ბაზის მონაცემები თავისი კანონიერი საქმიანობისა და მიზნებისთვის.
– რომ მონაცემთა ბაზაში ნებისმიერი ინფორმაციის გადაცემა განხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ისტორიის სუბიექტის თანხმობის საფუძველზე.

მუხლი 5. საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა. ინფორმაციის წაშლა

1. მონაცემთა ბაზაში არასრული, არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის არსებობის დადასტურების შემთხვევაში სს “კრედიტინფო საქართველო” უზრუნველყოფს ამ ინფორმაციაში შესაბამისი შესწორების ან დამატების შეტანას. მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის წაშლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გადაცემულია შეცდომით/არასწორად და შეუძლებელია ამის გამოსწორება ცვლილების/შესწორების შეტანის გზით ან ინფორმაციის მიმწოდებელს არ ჰქონდა ამ მონაცემების გადაცემის კანონიერი უფლება.
2. საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში არასრული, არაზუსტი, არასწორი ან კანონის დარღვევით გადმოცემული ინფორმაციის გასწორება, შეცვლა ან წაშლა შეიძლება განხორციელდეს საკრედიტო ისტორიის სუბიექტის წერილობითი განცხადების ან სს “კრედიტინფო საქართველოს” კლიენტის (ინფორმაციის მომწოდებლის) წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა. საკრედიტი სუბიექტის შეტყობინების/განცხადების მიღება ხდება უშუალოდ “კრედიტინფო საქართველოს” ოფისში (თბილისი, ჯანაშიას ქ.#16), განმცხადებელმა ასევე უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ჩანაწერის შენახვის ვადის – ბოლო განახლებიდან 5 წლის გასვლის შემდეგ უნდა მოხდეს მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის წაშლა.

მუხლი 6. საკრედიტო ისტორიის სუბიექტის უფლებები

1. საკრედიტო ისტორიის სუბიექტს უფლება აქვს კრედიტინფო საქართველოს ოფისში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ უფასოდ მიიღოს მონაცემთა ბაზაში თავიანთი სტატუსის შესახებ არსებული მონაცემის ამობეჭდილი ვერსია.

2. საკრედიტო ისტორიის სუბიექტი უფლებამოსილია:
– იყოს ინფორმირებული თავისი პირადი მონაცემების მიმართ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
– გაეცნოს თავის პირად მონაცემებს და აღნიშნული მონაცემების დამუშავების საშუალებებს;
– მოითხოვოს თავისი პირადი მონაცემების სრულყოფა, შეცვლა, დაზუსტება ან წაშლა იმ შემთხვევებში თუ დაამტკიცებს რომ კრედიტინფო საქართველოს ან კლიენტის ხელთ არსებული ინფორმაცია არასრული, არასწორი ან არაზუსტია ან/და მონაცემთა ბაზაში გადაცემულია კანონის დარღვევით.

3. საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში არასრული, არაზუსტი, არასწორი ან კანონის დარღვევით გადმოცემული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში საკრედიტო ისტორიის სუბიექტს უფლება აქვს მიმართოს სს “კრედიტინფო საქართველოს” ან კრედიტინფო საქართველოს შესაბამის კლიენტს (ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სალიზინგო კომპანიას და სხვ.), რომლის მიერაც მოხდა აღნიშნული ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში გადაცემა. საკრედიტო ისტორიის სუბიექტის განცხადების საფუძველზე სს “კრედიტინფო საქართველო” ან/და შესაბამისი კლიენტი ვალდებულნი არიან გადაამოწმონ ინფორმაცია და მიიღონ სს “კრედიტინფო საქართველოს” პროცედურებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები საკრედიტო ისტორიის სუბიექტის უფლებების დაცვისა და მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით. (არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში).

მუხლი 7. საკრედიტო ისტორიის სუბიექტზე ინფორმაციის გაცემის საფასური

1. საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის ამსახველი ცნობის გაცემის საფასური შეადგენს 10 ლარს.

ბრძანება ძალაში შედის მისი გამოცემის თარიღიდან.

ს.ს. „კრედიტინფო საქართველოს „

გენ. დირექტორი ალექსანდრე გომიაშვილი

Creditinfo Georgia - 2 iv.Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural